სამუშაო გეგმა
ზოგადი ინფორმაცია
სკოლის დასახელება
-
პროექტის სათაური-
„სათამაშოების ჯადოსნური სახელოსნო“
განხორციელების ვადები
-2023 წლის სექტემბერი- დეკემბერი
თემა: სკოლა და სახლი, როგორც გარემო
პროექტის ავტორი:
II. შესაბამისობა სტანდარტთან:
სამიზნე ცნება: სხეული
ქვეცნებები:
ცოცხალი სხეული, არაცოცხალი სხეული
|
სამიზნე ცნება: მოვლენა. ქვეცნებები:
სხეულთა ურთიერთქმედება, მდებარეობა, მიმართულება, მოძრაობა, ბიძგი, მოქაჩვა
სამიზნე ცნება: სივრცეში ორიენტირება ქვეცნებები: მდებარეობა, მიმართულება ,მარჯვნივ - მარცხნივ, წინ - უკან, ზევით - ქვევით სამიზნე ცნება: ორგანიზმი, საარსებო გარემო ქვეცნებები: ორგანიზმი, მცენარე, ცხოველი სამიზნე ცნება: გარემოს დაცვა ქვეცნება: გარემოს დაბინძურება |
III.პროექტის
მიზნები:
მოსწავლემ შეძლოს:
·
შეადაროს ცოცხალი და არაცოცხალი სხეულები, სხეულების დანიშნულება
განსაზღვროს მასში შემავალი ნივთიერებების თვისებების მიხედვით
·
დაახასიათოს სხეულები ფერის, სუნის, აგრეგატული მდგომარეობის
მიხედვით
·
იმსჯელოს, როგორ შეიძლება სხვადასხვა მოვლენის შედეგად შეიცვალოს სხეულის მდებარეობა, ფორმა, ფერი, ტემპერატურა,
ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
·
იმსჯელოს, როგორ
შეუძლიათ მოძრაობაში მოიყვანონ საგანი სხვადასხვა ძალებს, მათ შორის ბიძგსა და მოქაჩვას.
·
დაასაბუთოს, რომ სხეულების გამოყენება დამოკიდებულია
მათ თვისებებზე.
·
განახორციელოს მარტივი კვლევები და გააკეთოს შესაბამისი
დასკვნები
·
იმსჯელოს გარემოს დაცვის აუცილებლობის შესახებ
IV. სამიზნე ჯგუფები
პროექტის სამიზნე ჯგუფი (ბენეფიციარები): პირველი კლასის
მოსწავლეები
V.სამოქმედო გეგმა
|
ამოცანები |
აქტივობა (საქმიანობა
/ მოქმედება) |
რესურსი (რა რესურსი დაგჭირდებათ?) |
ვადები |
შენიშვნა/კომენტარი |
|
1.
მოსწავლეების დაინტერესება პროექტით 2.
სათამაშოების , როგორც არაცოცხალი სხეულების დახასიატება
და დახარისხება 3.
თოჯინების გამოფენის შექმნა |
პროექტის
გახსნა |
ბოთლი
„ფანტაზია“ „ცისარტყელას ფერები“ „ჯადოსნური ჯოხი“ „ჯადოსნური საფოსტო ყუთი“ „ფიქრის ყუთი“ „იდეების მანქანა“ „ჯადოსნური გასაღები“ |
|
|
|
თემის ახსნა |
მოსწავლეების
საყვარელი სათამაშოები |
|
|
|
|
ცოდნის
მოსავალი |
მომზადებული
კითხვები |
|
|
|
|
პროექტის
დახურვა |
თოჯინების
გამოფენა |
|
|
VI. მოსალოდნელი შედეგები
·
შეადარებენ ცოცხალ და არაცოცხალ სხეულებს
·
დაახასიათებენ სხეულებს ფერის, სუნის, აგრეგატული მდგომარეობის
მიხედვით
·
სხეულების დანიშნულებას განსაზღვრავენ მასში შემავალი
ნივთიერებების თვისებების მიხედვით
·
იმსჯელებენ, როგორ შეიძლება სხვადასხვა მოვლენის შედეგად შეიძლება შეიცვალოს
სხეულის მდებარეობა, ფორმა, ფერი, ტემპერატურა, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა
·
იმსჯელებენ,
როგორ შეუძლიათ მოძრაობაში მოიყვანონ საგანი სხვადასხვა ძალებს, მათ შორის ბიძგსა
და მოქაჩვას.
·
გააცნობიერებენ, რომ სხეულების გამოყენება დამოკიდებულია
მათ თვისებებზე.
·
განახორციელებენ მარტივ კვლევებს და გააკეთებენ დასკვნებს
·
შეძლებენ საკუთარი მოსაზრება გამოთქვან ყოველდღიური
გამოყენების პროდუქტების საჭიროების (აუცილებლობის) შესახებ.
·
შეძლებენ მოვლენების ქრონოლოგიურად
დალაგებას.
·
დაასაბუთებენ გარემოს დაცვის აუცილებლობას
სათამაშოების ჯადოსნური სახელოსნო
პროექტის გახსნა
გაკვეთილი 1
ქვევით მოცემული იდეები
შესაძლო განხორციელდეს მთელი სასწავლო დღის განმავლობაში. ამ კონკრეტული დღის მთავარი
მიზანია გავაცნოთ ბავშვებს „სათამაშოების ჯადოსნური სახელოსნო“ და წავახალისოთ ისინი
დაიწყონ იმ სათამაშოებზე ფიქრი უფრო კრეატიულად, რომლებითაც ისინი ყოველდღიურად თამაშობენ.
საკლასო ოთახის მორთვა
პროექტის გახსნამდე,
თქვენ უნდა მორთოთ საკლასო ოთახი ისე, რომ იგი გადაიქცეს „სათამაშოების ჯადოსნურ სახელოსნოდ“. უნდა ეცადოთ, რომ ოთახის გაფორმებამ ბავშვებში გამოიწვიოს
ინტერესი და ცნობისმოყვარეობა და ეს იგრძნობოდეს მათი ოთახში შესვლისას. ოთახის გაფორმება
კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული და იმ მასალებზე, რომელზედაც მიგიწვდებათ ხელი.
ზოგიერთი იდეა, რაც
შეიძლება გამოგადგეთ ამ საქმეში:
სპეციალური
რესურსები - გამოყავით საკლასო
ოთახის ერთი კუთხე და გააფორმეთ იგი პროექტის შესაბამისად. ამ მიზნით შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი იდეები:
1. ბოთლი სახელწოდებით
„ფანტაზია“ (ეს იქნება ცარიელი ბოთლი და თქვენ და ბავშვებმა უნდა წარმოიდგინოთ თუ რა
არის შიგნით;
2. „ცისარტყელას ფერები“ (დეკორატიული მიზნით შექმნილი
ბოთლი, რომლიდანაც გადმოვა ფერადი ლენტები ან ფერადი წვიმა (ნაძვის ხის),
3. „მხიარულება“ (სპეციალურად მოწყობილ კუთხეში შეგიძლიათ
დადოთ სათამაშო „pop-up toy , რომელიც ყუთიდან
ხტება ყუთის გახსნის დროს)
4. „ჯადოსნური ჯოხი“ (ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ
სპეციალური ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გაფორმებული იქნება ბრჭყვიალებით).
·
ჯადოსნური საფოსტო ყუთი - აქ შეგროვდება შეკვეთები ახალ სათამაშოებზე დალუქული
წერილის სახით. ყუთი შეიძლება გაფორმდეს ვერცხლისფერი ქაღალდით და ვარსკვლავებით და
სასურველია ჯადოსნური ელფერი დაჰკრავდეს და იყოს შთამბეჭდავი. ყუთს უნდა ჰქონდეს წერილების ჩასაგდები/ამოსაღები
ადგილი - საიდუმლო ადგილი. ამ ყუთის გამოყენება შესაძლებელი იქნება მთელი პროექტის
განმავლობაში.
·
სათამაშოების თარო - შეაგროვეთ რამდენიმე ძველი და რამდენიმე ახალი სათამაშო
თაროზე გამოსაფენად. არ გამოიყენოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც შეიძლება ადვილად გატყდეს
(ან ძალიან ძვირფასი სათამაშოები).
·
სამშენებლო/სამუშაო ტერიტორია - ცალკე გამოყავით ერთი ადგილი ოთახში, რომელსაც ექნება
წარწერა „სამუშაო -სამშენებლო კუთხე“ და იქ იქნება განთავსებული რამდენიმე ყუთი „სამშენებლო“
ტიპის სათამაშოების ყუთებით (ლეგო, კუბიკები და ა. შ.) ეს კუთხე შეგიძლიათ დატოვოთ
მთელი პროექტი პერიოდში, რათა ბავშვებმა შეძლონ მათი გამოყენება, როცა ამის სურვილი
ექნებათ.
·
ფიქრის ყუთი - ეს არის ყუთი, რომელიც იქნება გაფორმებული ბამბის ღრუბლებით.
ბავშვებს შეუძლიათ მიამაგრონ პასუხები სათამაშოებთან დაკავშირებულ კითხვებზე.
·
იდეების მანქანა - ეს შეიძლება იყოს ბოთლი/დოქი ან ყუთი, რომელიც შეიცავს
დაკეცილ/დაკუჭულ ქაღალდებს და თითოეულ მათგანზე იქნება დაწერილი იდეა. თუ ბავშვებს გაუჭირდებათ სათამაშოს
თემაზე იდეის მოფიქრება, მათ შეუძლიათ მივიდნენ იდეების ყუთთან და აირჩიონ ერთი რომელიმე
ფურცელი. მაგალითად: რაინდის აქსესუარები, კოსმოსური ხომალდი, სპორტული მანქანა, ჯადოსნური
ქუდი და ა. შ.
ჯადოსნური გასაღების შექმნა
თქვენ ასევე დაგჭირდებათ
სათამაშოების ჯადოსნური სახელოსნოსთვის გასაღების დამზადება. თუ თქვენს ოთახს აქვს
გასაღები, შეგიძლიათ ის გააფორმოთ ბაფთებით, რომ გარდაქმნათ განსაკუთრებულ, ჯადოსნურ
გასაღებად. ასევე, შეგიძლიათ შექმნათ სხვა „ჯადოსნური გასაღები“ მუყაოსგან და გააფორმოთ
ის ვერცხლისფერი ქაღალდით, ბრჭყვიალებით და ა.შ. კლიტე შეგიძლიათ გააკეთოთ შავი ბარათით
და მიამაგროთ საკლასო ოთახის კარებს.
სათამაშოების ხელოსნის გამოწვევა
პროექტის გახსნამდე
შეაგროვეთ სხვადასხვა ტიპის მასალები, ფერადი ქაღალდები, ბარათები, მძივები, ბაფთები,
ნაჭრები, ბრჭყვიალები, გადასაგდებად განწირული პლასტმასის ბოთლები და სამზარეულოს ქაღალდის
მუყაოს რულონები, ძველი ჟურნალები, პლასტმასის ბოთლის თავსახურები, სხვადასხვანაირი
ბურთულები, საწრუპები და ა.შ. გაყავით შემდეგ ეს მასალები და ჩაალაგეთ ყუთებში. ეს ყუთები შეგიძლიათ გააფორმოთ და გაალამაზოთ. დატოვეთ
შუა კლასში თემის გახსნის დღეს.
შეხვდით ბავშვებს
საკლასო სადმე სკოლის ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკლასო ოთახში. შეიძლება ეს იყოს ჰოლი
ან სათამაშო მოედანი. უთხარით ბავშვებს, რომ ფოსტით ძალიან უცნაური წერილი მიიღეთ.
უჩვენეთ ბავშვებს კონვერტი და რომელიმე მოხალისეს სთხოვეთ მისი გახსნა. ისინი კონვერტში
იპოვიან გასაღებს. ჰკითხეთ ბავშვებს თუ რისი გასაღები შეიძლება იყოს ის მათი აზრით.
წაიყვანეთ ბავშვები
საკლასო ოთახში და „გააღეთ გასაღებით“ კარები. შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს ოთახში შესვლა.
იმედია შესვლისას მათ აღმოხდებათ გაოცების შეძახილები, როცა საკლასო ოთახში განსხვავებულ
სიტუაციას ნახავენ. დატოვეთ საკლასო ოთახში განთავსებულ რომელიმე ყუთზე შეტყობინება
ისე, რომ ბავშვებმა თვითონ იპოვონ ის. წაიკითხეთ ეს შეტყობინება ისე, რომ ყველამ გაიგოს:
„ბავშვებო, მოემზადეთ განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად. აღმოაჩინეთ ყუთში სათამაშო!“
სთხოვეთ ერთ-ერთ ბავშვს
გახსნას რომელიმე ყუთი. ბავშვები ნახავენ, რომ ყუთში სხვადასხვა მასალა დევს. გამოხატეთ
გაოცება ნანახით. „როგორ შეიძლება ეს იყოს სათამაშო? ეს ხომ უბრალოდ სხვადასხვა მასალების
ნაკრებია! როგორ ფიქრობთ რა უნდა სათამაშოებს ხელოსანს რომ გავაკეთოთ ამ ყველაფრით?“
იმედია ბავშვები მივლენ იმ აზრამდე, რომ თავად შეუძლიათ
შექმნან სათამაშოები სხვადასხვა მასალით.
გაყავით ბავშვები ჯგუფებად და მიეცით თითოეულ ჯგუფს
ერთი ყუთი და თხოვეთ დაალაგონ მაგიდაზე ყუთში
არსებული მასალები. შემდეგ შეუძლიათ ბავშვებს ერთად იმუშაონ (შესაძლებელია წყვილებში
იმუშაონ ჯგუფების შიგნით), რათა გამოიყენონ მასალები და შექმნან სათამაშოები. თუ ბავშვები
ვერაფერს ვერ მოიფიქრებენ, მათ შეუძლიათ მივიდნენ „იდეების ყუთთან“ (რომელიც ნახსენები
იყო მაღლა) და მოიშველიონ ყუთში მოცემული თემები სათამაშოების შესაქმნელად. სანამ ბავშვები
მოიფიქრებენ და დაგეგმავენ იმას თუ რა სათამაშო უნდათ რომ გააკეთონ, სთხოვეთ მათ ისაუბრონ
იმ სათამაშოებზე და თამაშებზე რომელთა თამაშებიც უყვართ სახლში.
გაკვეთილის ბოლოს, სთხოვეთ ბავშვებს წარუდგინონ მათ
მიერ შექმნილი სათამაშო მთელს კლასს. რატომ აირჩიეს კონკრეტულად ეს სათამაშო? გააკეთეთ
კლასში ამ ნამუშევრების გამოფენა. თუ მოხდა ისე, რომ ბავშვებმა პირველ გაკვეთილზე ვერ
დაასრულეს მათი ნამუშევარი, გააგრძელებინეთ შემდეგ დღეს.
თემის ახსნა
განსახორციელებელი აქტივობები
გაკვეთილი 2
აქტივობა 1. საყვარელი სათამაშოს წარდგენა
წინასწარ სთხოვეთ ბავშვებს, რომ სკოლაში მოიტანონ თავიანთი საყვარელი სათამაშო
რომლის შესახებაც ისაუბრებენ კლასში. ასევე სთხოვეთ რომ წამოიღონ ისეთი სათამაშოების
ნიმუშები ან ფოტოები, რომლითაც
უფრო ადრეულ ასაკში თამაშობდნენ.
სთხოვეთ ბავშვებს, რომ წარუდგინონ კლასს თავიანთი საყვარელი სათამაშო.
გაამხნევეთ ისინი, რომ
ისაუბრონ იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს სათამაშო მათთვის განსაკუთრებული. დააკვირდით
ლექსიკას, რომელიც
აღწერს სათამაშოს ასაკს. ერთმანეთს შეადარეთ და განასხვავეთ ზოგიერთი სათამაშო. მათი
აზრით რომელია ამ სათამაშოებში ყველაზე ძველი (შესაძლოა საყვარელი სათამაშო ოჯახის
რელიქვიაა და ბავშვს წინა თაობებისაგან გადაეცა)
გამოფინეთ ახალი და ძველი სათამაშოებისაგან შემდგარი, თქვენი
კოლექცია. უთხარით ბავშვებს, რომ
ზოგჯერ თოჯინების ჯადოსნურ სახელოსნოში ღამღამობით თოჯინები ცოცხლდებიან და თამაშობენ.
ზოგჯერ კი, თამაშის შემდეგ, მათ ავიწყდებათ თავის ადგილზე დაბრუნება.
გაკვეთილი 3
აქტივობა 2.
თოჯინების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნით. ჰკითხეთ ბავშვებს შეუძლიათ
თუ არა მათ თოჯინების თანმიმდევრობით დალაგება, მათი ასაკის მიხედვით - ყველაზე ძველიდან ყველაზე ახლამდე. წაახალისეთ ბავშვები, რომ გამოთქვან საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები-
ყურადღებით მოუსმინეთ მათ ლექსიკას, რომელსაც თოჯინების აღსაწერად გამოიყენებენ.
(თემის ფარგლებში, სცადეთ, რომ ბავშვები ადგილობრივ
სათამაშოების მაღაზიაში წაიყვანოთ, ნახეთ როგორ არის სათამაშოები დახარისხებული და
გამოფენილი მაღაზიაში).
აქტივობა
3-
მოსწავლეებს ეძლევა დავალება, იმსჯელონ, თოჯინა რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანს, რით
განსხვავდება მისგან. მოსწავლეები ასახელენ ცოცხალის ნიშნებს.
დააფიქრეთ,
მოსწავლეები, რამდენად მნიშვნელოვანია ცოცხალი ორგანიზმებისთვის სუფთა გარემოს შენარჩუნება.
იმსჯელეთ, რატომ არის სასარგებლო გარემოს სისუფთავის შენარჩუნებისთვის თოჯინების დასამზადებლად
მეორადი ნივთების გამოყენება.
გაკვეთილი 4
აქტივობა 4. მოსწავლეებს ეძლევა დავალება,
გადავიდნენ ლინკზე და დააჯგუფონ ცოცხალო და არაცოცხალი სხეულები. https://learningapps.org/watch?v=pa8z60hmt23
აქტივობა 5. მოსწავლეები მსჯელობენ, რა
მასალისგანაა დამზადებული მათი თოჯინები. ასახელებენ სხეულებს, რომლებიც
შეიძლება დამზადდეს ხისგან და ვარაუდობენ, კიდევ რა მასალისგან შეიძლება დამზადდეს
იგივე სხეული.
სთხოვეთ
მოსწავლეებს, მოიფიქრონ, რომელი მეორადი ნივთების გამოყენებაა შესაძლებელი სხვადასხვა
სათამაშოს დასამზადებლად.
გაკვეთილი 5.
აქტივობა 6. მოსწავლეები მსჯელობენ, რა არის საჭირო მათი თოჯინების ასამოძრავებლად. მათ ეძლევა დავალება, აამოძრაონ
სათამაშოები.
აქტივობა 7. პოსტერის შექმნა. უთხარით ბავშვებს, წარმოიდგინონ,
რომ მეგობარმა საყვარელი სათამაშო დაკარგა. როგორ დაამშვიდებდნენ და ანუგეშებდნენ ვინმეს ვინც
საყვარელი სათამაშო დაკარგა? ისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება დაკარგული სათამაშოს მოძებნა.
სთხოვეთ ბავშვებს, რომ შექმნან პოსტერი დაკარგული სათამაშოსათვის. პოსტერი უნდა შეიცავდეს
სათამაშოს ნახატს. სთხოვეთ ბავშვებს, რომ მოიფიქრონ თუ რა ნიშან-თვისება ხდის მათ სათამაშოს
განსაკუთრებულს და ადვილად საცნობს. (ასაკი, მარკირება, დაზიანება ა.შ.) დასრულებული
პოსტერები შემდეგ შეგიძლიათ გამოფინოთ თქვენი სახელოსნოს სივრცეში.
გაკვეთილი 6.
აქტივობა 8. ინტერვიუს
მომზადება
სთხოვეთ ბავშვებს
იმუშაონ წყვილებში, და შეიმუშაონ იშეკითხვების სია, რომელსაც თავიანთ მშობლებს დაუსვამენ,
საყვარელი სათამაშოს შესახებ. მაგალითად:
·
ვინ მოგცათ
ის სათამაშო?
·
რამდენი
წლისაა ის?
·
რამდენი
წლის იყავით თქვენ, როდესაც ის მიიღეთ?
·
რითი
არის ეს სათამაშო განსაკუთრებული?
·
რატომ
ინახავთ მას დღემდე?
·
რა მასალისგან
არის სათამაშო დამზადებული?
·
აქვს
თუ არა სათამაშოს სახელი?
ბავშვებს შეუძლიათ
სახლში წაიღონ შეკითხვები, რათა ინტერვიუ ჩამოართვან მშობლებს ან ბებია -ბაბუებს. პასუხები
კი შეუძლიათ გაუზიარონ კლასს შემდეგ გაკვეთილზე.
გაკვეთილი 7.
აქტივობა 9. „მშობლების,
ბებია-ბაბუის სათამაშოები“
სთხოვეთ ბავშვებს, რომ
მოიტანონ იმ სათამაშოს ან
თამაშის ნიმუში, რომლითაც მათი
მშობლები ან ბებია- ბაბუები თამაშობდნენ. (შენიშვნა: დარწმუნდით, რომ მშობელი თანახმაა,
ბავშვმა მოიტანოს სკოლაში სათამაშო და გაუზიაროს ის სხვა ბავშვებს. შეეცადეთ თავი აარიდოთ
ნაზ, მსხვრევად (მტვრევად) საგნებს, ალტერნატივის სახით, ბავშვებს შეუძლიათ სურათი
გადაუღონ ასეთ სათამაშოს/ ან თამაშს, ან მშობელი
თავად მოვიდეს სკოლაში, კლასთან თავის სათამაშოზე
სასაუბროდ.)
გამოუყავით ბავშვებს
გარკვეული დრო, რათა კლასს წარუდგინონ თავიანთი მშობლების ან ბებია-ბაბუების სათამაშო,
მოძებნეთ მსგავსებები და განსხვავებები, თქვენი გამოფენის სხვადასხვა სათამაშოებს შორის. მათი აზრით რომელია ყველაზე „ძველი“ სათამაშო.
მშობლებმა ან ბებია-ბაბუებმა
ასევე შეიძლება გამოთქვან სკოლაში მოსვლის და ბავშვებთან საუბრის სურვილი, თავიანთი
სათამაშოების შესახებ. ამ შემთხვევაში ბავშვებს შეუძლიათ მოუსმინონ და დაუსვან შეკითხვები
მათ.
აქტივობა 10. სათამაშოების დახარისხება
წააქეზეთ ბავშვები
იფიქრონ თუ რა მასალისგან არიან სათამაშოები დამზადებული ასევე მათ ინდივიდუალურ (ცალკეულ)
თვისებებზე. მაგ:
·
ბრჭყვიალა/სადა
·
რბილი/მაგარი
·
იღუნება/არ
იღუნება
·
მტკიცე,
გამძლე/მსხვრევადი, სუსტი
·
თბილი/გრილი
(შეხების დროს)
·
წყალგაუმტარი/
არა წყალგაუმტარი
·
მსუბუქი/მძიმე
·
გამჭვირვალე/
გაუმჭვირვალი
თუ ბავშვებს გაუჭირდებათ
დახარისხებისათვის კრიტერიუმების შერჩევა, თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ იდეები.
გაკვეთილი 8.
აქტივობა 11. კვლევითი აქტივობა. სათამაშო დათუნიების
ისტორია
სთხოვეთ ბავშვებს
რომ სახლიდან მოიტანონ სათამაშო დათუნიები, თუკი ჰყავთ. ეს შეიძლება მათი მშობლების
ან ბებია-ბაბუების დათუნიაც კი იყოს, თუ რათქმაუნდა მათი წამოღების ნებართვას აიღებენ.
შეაგროვეთ სათამაშო დათუნიების კოლექცია, შემდგომი განხილვისათვის.
დაიწყეთ იმით რომ
ბავშვებს გამოჰკითხეთ, იციან თუ არა მათ, დათუნია თედის სახელთან დაკავშირებული ისტორია,
როგორ მიიღო თედიმ თავისი სახელი. მოუყევით მათ ამერიკის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის
ამბავი. მისი მეტსახელი იყო „თედი“ 1902 წელს ნადირობის დროს მან უარი განაცხადა, ესროლა
დაბმული დათვისათვის.
ეს სცენა წარმატებით
გადმოსცეს კარიკატურაში (მულტიპლიკაციური ნახატი) რომელიც ვაშინგტონ პოსტში დაიბეჭდა.
ერთად ნახეთ ეს სურათი (კარიკატურა) აღნიშნეთ თუ როგორ არის ამ სურათზე გამოსახული
დათვი. ისაუბრეთ სურათის ღირებულებაზე, როგორც ინფორმაციის ისტორიულ წყაროზე.
იმავე თვეში, ნიუ
იორკში, ბრუკლინში მაღაზიის მფლობელებმა მორის და როუზ მიჩტომებმა დაამზადეს დათუნიას
ფორმის რბილი სათამაშო, რომელსაც მათ „თედის დათვი“ უწოდეს. ეს სათამაშო თავიანთი მაღაზიის
ვიტრინაში გამოფინეს ვაშინგტონ პოსტის კარიკატურასთან ერთად. ამან საფუძველი ჩაუყარა სათამაშო დათუნიების მანიას,
ნამდვილი სიგიჟე დაიწყო.
დაურიგეთ ჯგუფებს,
დათვების სხვადასხვა სურათები ( ასევე მიაწოდეთ ადრეული სათამაშო დათუნიების სურათები,
მათ შორის შტეიფის დათუნიების რომლებიც 1903 წელს გამოდიოდა გერმანიაში, ისინი ცნობილია
იმით რომ განმასხვავებელ ნიშნად მარცხენა ყურში მეტალის ღილი ჰქონდათ ჩაკერებული. ასევე
მოიტანეთ უფრო თანამედროვე დათუნიების სურათები შედარებისათვის.)
ქვემოთ მოცემულ ვებგვერდებზე
შეგიძლიათ მოიძიოთ ფოტოები და სასარგებლო ინფორმაცია.
·
www.museumofchildhood.org.uk/collections/teddy-bears-and-soft-toys
აქტივობა 12. დათუნიების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
სთხოვეთ ბავშვებს დახედონ დათუნიების სურათებს და მოძებნონ მსგავსებები და განსხვავებები.
მათ შეიძლება აღმოაჩინონ რომ უფრო ძველ სათამაშო დათუნიებს ჰქონდათ დიდი ყურები, წაწვეტებული
სამკუთხედისებრი სახეები, მოგრძო კიდურები და მრუდე თათები. დაავალეთ ბავშვებს რომ
სურათები თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად დაალაგონ, ყველაზე ძველიდან ყველაზე ახლამდე, ასევე სთხოვეთ
ახსნან მათი გადაწყვეტილება. შემდგონ კი ისაუბრეთ მოცემულ სათამაშო დათუნიებზე და დამახასიათებელ
ნიშნებზე.
გადაინაცვლეთ სათამაშო
დათუნიების გამოფენასთან, ნახეთ შეძლებენ თუ არა ბავშვები, მათ შორის ყველაზე ძველი
მოდელის დათუნიას ამოცნობას. თუ კი შესაძლებელია, იქონიეთ ინფორმაცია დათუნიას შესახებ,
მისი მფლობელისაგან, რომ დაზუსტებით იცოდეთ ზოგიერთი მათგანის ასაკი. აღნიშნეთ, სხვადასხვა
გამოყენებული მასალა, მაგალითად უფრო ძველი მოდელის დათუნიებს თვალები, შუშის ან ღილისა
აქვთ, ხოლო უფრო ახალ მოდელებს პლასტმასის.
გაკვეთილი 9
აქტივობა 13.
სთხოვეთ ბავშვებს
წარმოიდგინონ, რომ მათ სათამაშოს საუბარი შეუძლია. ისინი ახლები არიან სათამაშოების
ოსტატის სახელოსნოში და უნდათ თავი გააცნონ სხვა სათამაშოებს, რას იტყოდნენ ისინი?
ბავშვებმა უნდა აალაპარაკონ
თავიანთი თოჯინები. წარმოადგინონ, რამდენი წლის არიან, რა მასალით არიან დამზადებული,
სად დაამზადეს ისინი, და ვის მფლობელობაში იყვნენ მანამდე.
აქტივობა 14. თოჯინების შექმნა
სთხოვეთ ბავშვებს, რომ შეარჩიონ მასალა, შექმნან თოჯინა
რომელიმე მოთხრობის გმირის მიხედვით. დაფიქრდნენ, სახლში აღმოჩენილი რომელი ნარჩენი
მასალა შეუძლიათ გამოიყენონ სათამაშოს დასამზადებლად?
შეეცადეთ ერთ ან ორ მოთხრობაზე მოახდინოთ ფოკუსირება,
რომელიც კლასში განიხილეთ. სთხოვეთ ბავშვებს ნათლად წარმოიდგინონ რომელი სცენის აღწერა
უნდათ, რა ეცმევა თოჯინას და რას გააკეთებს ის ამ სცენაში. ბავშვებმა ასევე შეიძლება
მოიფიქრონ რა აქსესუარები მოჰყვება თოჯინას, რომლებიც ასევე ხაზს გაუსმევენ მათი პერსონაჟის
ხასიათსა და როლს მოთხრობაში.
გაკვეთილი 10
აქტივობა 15. „თოჯინების გამოფენა“
უთხარით ბავშვებს,
რომ თოჯინების ხელოსანს სურს მის სახელოსნოს სამუზეუმო გამოფენა დაამატოს, მაღაზიის სტუმრებისათვის. ბავშვებმა
უნდა გადაწყვიტონ თუ როგორ დაახარისხებენ და დაალაგებენ ექსპონატებს.
მთელ კლასთან ერთად
განიხილეთ, თუ რა სახის ინფორმაციის გაგება დააინტერესებს მუზეუმის ვიზიტორს, სათამაშოს
ან თამაშის შესახებ. როგორ არის მსგავსი ინფორმაცია წარმოდგენილი მუზეუმში? იმსჯელეთ
თუ როგორ უნდა დახარისხდეს და დალაგდეს ექსპონატები.
სკოლის სხვა ბავშვები
შეიძლება მოიწვიოთ გამოფენაზე, ისინი დაათვალიერებენ და დასვამენ შეკითხვებს. თუ კი
ისეთი შეკითხვები გამოვლინდა, რომელზეც ბავშვებმა არ იციან პასუხი, ისინი შეგიძლიათ
შემდეგი კვლევითი დავალებისათვის გამოიყენოთ. (დაამატეთ თქვენი ფიქრის ყუთს)
ცოდნის მოსავალი
შესაძლო შეკითხვების ნიმუშები:
·
როგორ უნდა განსაზღვრო არის თუ არა სათამაშო უსაფრთხო?
·
რა განსხვავებაა
ცოცხალსა და არაცოცხალ სხეულებს შორის?
·
რა განსხვავებაა ბუნებრივ და ხელოვნურ სხეულებს შორის?
·
რა მასალისგან შეიძლება დაამზადოს ადამიანმა სხვადასხვა სხეულები, მაგ.
სათამაშოები, სასკოლო ნივთები: მერხი, დაფა, მაგიდა, კარადა, კარი?
·
როგორ არის დამოკიდებული შექმნილი სხეულის დანიშნულება
მასში შემავალი ნივთიერებების თვისებებზე?
·
რომელი ნივთიერებებია გამჭვირვალე, არაგამჭვირვალე?
·
როდის არის საჭირო სხეულების ასამოძრავებლად ბიძგი,
მიწოლა, მოქაჩვა?
·
რა იწვევს გარემოს დაბინძურებას?
·
როგორ შეგიძლიათ სიცოცხლე დაუბრუნოთ გამოყენებულ
ნივთებს?
დიდი სურათი
რესურსები მასწავლებლისთვის
სათამაშოების ისტორია
თოჯინები სათამაშოს ყველაზე
ადრეულ ფორმად მიიჩნევა. ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში ადამიანები ამზადებდნენ სახასიათო
ფიგურებს (პერსონაჟებს) ძვლების, თიხის, ბეწვის და ხის გამოყენებით. ხშირ შემთხვევებში
ამ ფიგურებს რელიგიური დატვირთვა ჰქონდათ. ისინი რელიგიურ პერსონაჟებს გამოხატავდნენ,
მაგალითად ღმერთებს ან სულებს. თუმცა ისინი ასევე გამოიყენებოდა სათამაშოდ.
თიხისაგან და ხისგან დამზადებული
თოჯინები, რომლებიც ქრისტესშობამდე 2000 წლით თარიღდება, აღმოჩენილი იქნა ძველი ეგვიპტის სამარხებში. უფრო მდიდარი ეგვიპტელების
სამარხებში ასევე აღმოჩენილია კერამიკული თოჯინები. არსებობს ძველი ბერძნული და რომაული
თოჯინების ბევრი ნიმუში. უძველეს რომში ბავშვებს ხშირად ჰქონდათ სახელგანთქმული გლადიატორის
თოჯინა. (“Action man”-საყვარელი გმირის თოჯინის ადრეული ფორმა)
1800 იან წლებამდე თოჯინებს
ძირითადად ნაჭრებით (ქსოვილით), ხითა და ცვილით ამზადებდნენ. ცვილის თოჯინების მთავარი
მწარმოებელი ქვეყნები, გერმანია და ბრიტანეთი იყო. ერთ ერთი პირველი ცვილის თოჯინა,
რომელიც ახალშობილს მოგაგონებდათ ინგლისში შეიქმნა, მე-19 საუკუნის დასაწყისში.
მე-18 საუკუნის შუა პერიოდში
პოპულარობა კერამიკულმა და ფაიფურის თიჯინებმა მოიპოვეს. ფაიფური შემდგომში მოუჭიქავმა
კერამიკამ ჩაანაცვლა. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა თოჯინისათვის კანის უფრო რეალისტური
ფერის მიცემა. ამ დროისთვის, ნაჭრის თოჯინები ასევე პოპულარული იყო. ისინი უფრო იაფი
ღირდა და მათი დამზადებაც შედარებით მარტივი იყო. პირველი მასობრივი წარმოების ნაჭრის
თოჯინებიც ამ პერიოდში შეიქმნა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
სათამაშოების მწარმოებელმა, პლასტმასზე ექსპერიმენტები და წარმოებაში მისი გამოყენება
დაიწყეს. 1940-იან წლებში გაყიდვაში პირველი პლასტმასის სათამაშო გამოვიდა.
1950-60იან წლებში ასევე გავრცელებული იყო, რეზინისა და ვინილის სათამაშოები. ვინილის
გამოყენება სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი
წინ გადაგდმული ნაბიჯი იყო, რამეთუ ამან საშუალება მისცა ოსტატებს, თოჯინის
თავზე თმის დახატვის ან პარიკის გამოყენების ნაცვლად, თოჯინისათვის თმა თავზე ჩაენერგათ.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი
და წარმატებული თოჯინა არის ბარბი. ის 1959 წელს გამოიგონა (შექმნა) ამერიკელმა, რუთ
ჰანდლერმა, რომელმაც მას სახელი, თავისი ქალიშვილის, ბარბარას საპატივცემულოდ დაარქვა.
ეს იყო პირველი ნიმუში, თინეიჯერი, მოდური თოჯინისა, რომელიც არა მხოლოდ ახალგაზრდა
გოგონების მისწრაფებებს არამედ თანამედროვე საზოგადოებასაც ასახავდა. ბარბიმ და მისმა მეგობარმა ბიჭმა კენმა, ბევრი ცვლილებები
განიცადეს ფორმისა და სტილის მხრივ. ისინი ყოველთვის ფეხს უწყობდნენ თანამედროვე მოდურ
ტენდენციებს.
ბარბის წარმატებამდე არცთუ
დიდი ხნით ადრე იქნა შემუშავებული ბიჭი თოჯინის ვერსია. ცვილისა და პლასტმასის ჯარისკაცების
ფიგურები (სათამაშოები) ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა ბიჭებში. ასე, რომ პირველი
„მოძრავი ფიგურა“ რომელიც შექმნეს იყო G.I. Joe ბარბის მსგავსად მასაც, სხვადასხვა
გარდერობი მოჰყვებოდა, (ამ შემთხვევაში ეკიპირებები) რათა ეჩვენებინა შეიარაღებული
ძალების სხვადასხვა დანაყოფების აღჭურვილობა.
1970-დან 1980 წლებამდე
მსგავსი ტიპის თოჯინები მჭიდროდ იყო დაკავშირებული, იმ პერიოდში პოპულარულ, ფილმებთან,
სერიალებთან და მულტიპლიკაციურ ფილმებთან. მათ შორის ყველაზე პოპულარული, ვარსკვლავური
ომების გმირების ფიგურები იყო, რომელიც იმავე სახელობის ტრილოგიას უკავშირდებოდა. მათმა
წარმატებამ გზა გაუკვალა სხვა (საყვარელი გმირების) თოჯინების სამრეწველო საწარმოებს,
მაგალითად თინეიჯერი მუტანტი კუ ნინძების და ჰარი პოტერის პერსონაჟების მწარმოებელ
სამრეწველო საწარმოს.
სათამაშო დათუნია
სათამაშო დათუნიას ანუ
„დათუნია თედის“ (Teddy Bear) სახელი, ამერიკის 26-ე პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის
საპატივსაცემოდ ჰქვია. მისი მეტსახელი იყო „თედი“. რამდენადაც ცნობილია რომ 1902 წელს
ნადირობის დროს მან უარი განაცხადა ესროლა დაბმული დათვისათვის. ეს სცენა წარმატებით
იქნა ასახული ვაშინგტონ პოსტში დაბეჭდილ სკეჩში (კარიკატურაში). კარიკატურისტმა დათვი
თავდაპირველად როგორც მძვინვარე მტაცებელი ისე დახატა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება
შეცვალა და თავთვი პატარა საყვარელი ბელის სახით გამოსახა. ნახატი (კარიკატურა) და
ამბავი რომელიც მას საფუძვლად ედო მაშინვე საოცრად პოპულარული გახდა.
იმავე თვეში, ბრუკლინში,
ნიუ იორკში, მაღაზიის მეპატრონეებმა, მორის და როუს მიჩტონებმა, შექმნეს დათუნიას ფორმის
ფუმფულა(რბილი) სათამაშო, რომელსაც „დათუნია თედი“ დაარქვეს და თავიანთი მაღაზიის ვიტრინაში
გამოფინეს, პოპულარულ კარიკატურასთან ერთად. მაშინვე ყველა ბავშვს მოუნდა ჰყოლოდა საკუთარი
„დათუნია თედი“ და ახალი მანიის ტალღა დაიწყო.
იმავე წელს გერმანიაში,
რიჩარდ და მარგარეტ შტეიფმა, რომელთაც რბილი სათამაშოების ბიზნესი ჰქონდათ, დათუნია
თედის თავიანთი პროტოტიპი შეიმუშავეს. შტეიფების დათვი უფრო ჰგავდა ნამდვილ დათვს,
ვიდრე მიჩტომების დათუნია, გრძელი დრუნჩითა და ზურგზე ქეჩოთი. მოგვიანებით შტეიფების
დათვი ყურზე ჩაკერებული მეტალის ღილით გამოდიოდა, რათა გაერჩიათ ის სხვა სათამაშო დათვებისაგან.
ჯადოსნური სათამაშოების ხელოსანი
ამ თემის ძირითადი იდეა
არის ის რომ საკლასო ოთახი, თოჯინების ჯადოსნურ სახელოსნოდ გადაკეთდეს. მიაკუთვნეთ
ეს სივრცე ბავშვებს, ანუ მოაქციეთ მათი კონტროლის ქვეშ და მფლობელობაში. მოცემული დავალებების
გარდა, თქვენ შეგიძლიათ თემა განავრცოთ მრავალფეროვანი დამატებითი აქტივობებით, ამის
საშუალებას თავად თემატიკა იძლევა. მაგალითად:
სათამაშოების მაღაზია- ბავშვებმა შეიძლება შექმნან
სათამაშოების მაღაზიის სივრცე, დამატებითი კლასგარეშე აქტივობისთვის სადაც ისინი როლურ
თამაშებს განასახიერებენ. აქ მათ შეუძლიათ, მიჰყიდონ სათამაშოები კლიენტებს, შექმნან
პოსტერები და იარლიყები, ასევე განკარგონ სათამაშო ფული.
იდეების მანქანა- ამ თავში მოცემული ზოგიერთი
დავალება ბავშვებისაგან მოითხოვს ახალი სათამაშოების ან თამაშების იდეების მოწოდებას.
თუ ბავშვებს უჭირთ თემატიკის მოფიქრება მათი სათამაშოსათვის ან თამაშისათვის, დართეთ
მათ ნება ესტუმრონ იდეების მანქანას და ამოიღონ
ერთ ერთი იდეა შემთხვევითი შერჩევით.
არ დაგავიწყდეთ მანქანაში იდეების განახლება (დაწერეთ დაკეცილ ქაღალდზე) ისე რომ იდეები
შეესაბამებოდეს მიმდინარე დავალებას.
Comments
Post a Comment